18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
დღევანდელი დიალოგით ხელისუფლების მიერ დაკეტილი კარი იხსნება - დავით უსუფაშვილი

"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებასთან შეხვედრის დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ერთად შექმნილი სიტუაციიდან პოლიტიკურ გამოსავალს მოძებნის.

უსუფაშვილის მოსაზრებით, ეს პოლიტიკური გამოსავალი სწორედ საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელია", რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს.

"ასეთი მასშტაბის პრობლემები ერთ დღეში და ერთი შეხვედრით ვერ წყდება. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არჩევნებზე არ შეიძლება გავიდეს, იმიტომ რომ ყველანი ერთად ჩავიჩეხებით, ასეთი დაპირისპირების ფონზე, სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება პოლიტიკური გამოსავლის ძიება, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა, გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ქართულად ადაპტირებული საარჩევნო სისტემის მოდელი.

დღეს ჩვენ არ შევალთ არანაირ ფორმალურ იურიდიულ კაზუისტიკაში, ჩვენ ვილაპარაკებთ არსზე, პოლიტიკურ პრობლემას რა პოლიტიკური გამოსავალი აქვს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ დახურულია თემა, დაკეტილია კარი, ჩარაზულია, არ გაიხსნება. დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, ეს კარი მალევე დაკეტოს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და ჩართულობით ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები