18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
მხარეთა დიალოგი გამოსავლის მოძიება უფრო იქნება, ვიდრე რაიმე ვარიანტის გამორიცხვა - ელიზაბეთ რუდი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მოხარულია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესი დაიწყო.

ელიზაბეთ რუდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრით საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ მხარეების ერთგულება უნდა დადასტურდეს.

"გახსოვთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად იმედი გამოთქვა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. ვფიქრობ, ეს დიალოგი შესაძლებლობებისა და გამოსავლის მოძიება უფრო იქნება, ვიდრე რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

შტატები USAID- ის მეშვეობით ამ შეხვედრას მხარს უჭერს. კმაყოფილები ვართ, რომ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წევრები იქნებიან, რომლებიც თავიანთ რჩევებსა და ექსპერტულ შეხედულებებს გაგვიზიარებენ. აქ არიან ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები. შეხვედრაში მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დემოკრატიულ ინსტიტუციებს დაეყრდნოს, ასევე, დააფიქსირებენ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სასტუმრო "ბილტმორში" ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა და მას ელჩებიც ესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები