18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
"აზარტული თამაშები კლავს" - 10 000 ხელმოწერა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით

"აზარტული თამაშები კლავს" - ამ სახელწოდებით აქცია კანცელარიასთან 29 ნოემბერს გაიმართა.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით, თამაშდამოკიდებულების გამო სუიციდის შედეგად გარდაცვლილი სანდრო ბერაძის ოჯახის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, 10 000-ზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

პროცესში ჩართულია კამპანიის "გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი ანა დოლიძეც, რომლის თქმით, ხალხის ნება ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცეა.

"აზარტულ თამაშებზე კანონპროექტს არ იხილავენ იმიტომ, რომ ეშინიათ ხალხის ნების, მივა 10 000-ზე მეტი  ადამიანი და მოითხოვს, რომ აზარტული თამაშების რეკლამა გავიდეს ჩვენი ფანჯრებიდან და ქუჩებიდან. გარწმუნებთ, რომ ამ ადამიანების ხმა იქნება ძალიან ხმამაღალი, როდესაც ეს პროცესი დაიწყება,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

პარალელურად, პარლამენტში განხილვას ელოდება დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიცირებული კანონპროექტიც, რომელიც ითვალისწინებს აზარტულ თამაშებზე ასაკობრივი ცენზის დაწესებას, მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნას, ლიცენზიის თანხის აწევას და ა.შ. 

"ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს ზუსტად იმას, რაც ადრე ჩვენ ერთად შევიმუშავეთ, ეს არის ასაკობრივი ცენზი, მოთამაშის ერთიანი რეესტრი, ოჯახის წევრების მხრიდან სასამართლოში შეტანა იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ოჯახის წევრი შეიზღუდოს თამაშთან მიმართებაში, ეს არის ასევე ლიცენზიების და მოსაკრებლების ადმინისტრირების თვალსაზრისით თანხის აწევა და სხვადასხვა დეტალები, რომლითაც ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერსპექტივაში ამ მდგომარეობას შემოვატრიალებთ,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ვადა პარლამენტს 10 დეკემბრამდე აქვს. პარალელურად, ამავე თემაზე, კანონპროექტი უმრავლესობამაც წარადგინა, თუმცა, ამ ეტაპზე, პარლამენტში არც ის განუხილავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები