პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახმა მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები ამ წუთებში ქავთარაშვილების სახლში თათბირობენ.
მათი თქმით, ქავთარაშვილების გარდა მუქარა ვრცელდება ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილების და ალდამოვების გვარზეც.
უხუცესები დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებს შორის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელებენ. ხეობის გავლენიან პირებს შორის შეხვედრაზე, მედიას დასწრების და გადაღების უფლება არ მისცეს. უხუცესები არც სხვა დეტალებს აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ორი გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.