27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
"ნაჯახით შეუმტვრიეს კარი და წიხლის ცემით გამოიყვანეს" - გლდანში, ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს

ხმაური გლდანში - გვიან ღამით, ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს. გამოსახლებისას დევნილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახები შენობაში უკვე ხუთი უკანონოდ ცხოვრობენ.

დევნილების თქმით, მათი შენობიდან გამოსახლება შპს "ნინოს" მოთხოვნით მოხდა, რომელიც აღნიშნული ობიექტის მესაკუთრეა. დევნილები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

"ვიყავით ქუჩაში იძულებით ბავშვებთან ერთად და შევედით, 5 თვეა უკვე ვცხოვრობთ. დღეს ქალბატონი მარტო იყო დარჩენილი დილით, შეუვარდნენ ნაჯახით, შეუმტვრიეს კარი, გამოიყვანეს წიხლის ცემით და შევიდნენ თვითონ შიგნით. ახლა პოლიცია დგას და არ გვიშვებენ შიგნით, ბავშვები გვყავს ქუჩაში," - ამბობს ერთ-ერთი დევნილი, გოგა თოლორდავა.

ადგილზე მივიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, რომელიც პროცესებს უკანონოს უწოდებს.

"გამოსახლება თუ უნდა ყოფილიყო, აქ არც პოლიცია არ უნდა მოსულიყო, არც ე.წ. მფლობელი. აქ უნდა მოსულიყო აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსრულების ბიუროს აქვს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ გაესახლებინა. რადგან აღსრულების ბიურო აქ არ მოვიდა, ესე იგი, მათ არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილება, კანონით ეს სამედიცინო დაწესებულება არ არის მყარად," - აცხადებს ბესო შენგელია.

 

 

 

 

დღის ამბები