20 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი მიესალმება ფაქტს, რომ კვლევებზე არსებულ უნდობლობაზე კითხვის ნიშნები IRI-ის ხელმძღვანელობაშიც გაჩნდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან ამერიკული არასამთავრობოების კრიტიკაზე IRI-ის პრეზიდენტის პასუხს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა.

ცქიტიშვილის თქმით, ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ კვლევებთან დაკავშირებით არსებულ უნდობლობაზე კითხვის ნიშნები IRI-ის ხელმძღვანელობაშიც გაჩნდა. ცქიტიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, არამედ არსებობს კითხვები იმ დაქირავებული ორგანიზაციების მუშაობის მიმართ, რომლებიც უშუალოდ ველზე ატარებენ კვლევას:

"IRI-ისთვის არის საინტერესო მოისმინოს ის მოსაზრებები, თუ რამ გამოიწვია საქართველოში ეს უნდობლობა IRI-ის კვლევების მიმართ და მე, ამ შემთხვევაში პირიქით მივესალმები იმას, რომ IRI-ის ხელმძღვანელობაშიც გარკვეული ინტერესი გაჩნდა, იმ შედეგების, იმ დაქირავებული ორგანიზაციების მუშაობის მიმართ, რომლებიც უშუალოდ ველზე ატარებენ კვლევას," -განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ და არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდეს კონგრესისა და პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

თემას გამოეხმაურა IRI-ის პრეზიდენტიც. დენიელ ტვაინინგის თქმით, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან ივანიშვილთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში IRI და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. დენიელ ტვაინინგის თქმით, ავტორიტარული მთავრობები საკუთარი მმართველობის პრობლემებში უცხოელებს ადანაშაულებენ, თუმცა მას მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიაა და სიტუაციის ასეთი განვითარება მისთვის წარმოუდგენელია.

დღის ამბები