20 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
"მორჩილი მოსამართლეები სჭირდება ივანიშვილს და მის ხელისუფლებას" - რომან გოცირიძე

სახალხო დამცველის პოზიციას, რომლითაც ომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ოპოზიცია და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები იზიარებენ.

ოპოზიციაში დამაიმედებელი მოლოდინები არ აქვთ. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნაკლებად ელოდებიან, რომ ომბუდსმენის საჩივარს დააკმაყოფილებენ, თუმცა საჩივრის პათოსს იზიარებენ.

როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის სარჩელი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

"პარლამენტში გასაუბრებამ კარგად დაგვანახა თუ როგორი დაბალი კომპეტენციის  და არაკეთილსინდისიერი იყო მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ამიტომ ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რამდენად შეიძლება დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელიც ასევე  სამწუხაროდ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მორჩილებაში აღმოჩნდა, მათგან სამართლიანი გადაწყვეტილება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს  მორჩილი მოსამართლეები სჭირდება.

"ხელისუფლებისათვის მძიმე დროს მაინც აპირებენ მოსამართლეების გატანას პარლამენტში, როგორც ირკვევა ეს არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანუ ამით ამთავრებენ ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას. 20 მოსამართლის დასმა 30 წლის განმავლობაში ანუ საპენსიო ასაკამდე ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი მოსამართლეები სჭირდება ივანიშვილს და მის ხელისუფლებას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პროცედურა საქართველოს კონსტიტუციას სრულად შეესაბამება და სახალხო დამცველის პოზიციას არ იზიარებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შესაძლოა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

"ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ ეს პროცედურა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციით გათვალისწინებულ იმ მუხლებს, რომელთან მიმართებაშიც სახალხო დამცველმა გაასაჩივრა ეს პროცედურა, დღეს სახალხო დამცველის ოფისი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმ პროცესზე რა პროცესზეც ისინი ესწრებიან," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები