ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრესმდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.
"მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ,"-განუცხადა "კურიერს" საპატრიარქოს პრესმდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.