23 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
საჭიროა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტად აიმაღლონ ხმა - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

უკანონო პატიმრობის 27-ე დღე და არანაირი სიახლე ოკუპირებული ცხინვალიდან - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ინფორმაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ასევე, უცნობია როდის ჩაინიშნება პროცესი ოკუპირებულ ახალგორში. დატყვევებული ექიმის ოჯახი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას სთხოვს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დონეზე.

"ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. ამის გაგებას ყოველდღე ველოდებით. ვიცით, რომ მასთან წითელი ჯვრის ორგანიზაცია შევიდა მოსანახულებლად, მეორე დღეს მას ამანათიც გადასცეს, ეს იყო ყოველდღიური ნივთები: ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, საჭმელი, რომლის შეტანაც შეიძლებოდა,"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.

უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით კი აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა აიმაღლონ ხმა.

"საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა და განიხილონ ვაჟას შემთხვევა, არა როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ, ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქის საქმე. ევროსაბჭოში 47 ქვეყანაა, ყველა მათგანმა უნდა აიმაღლოს ხმა და გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი ციხიდან," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა გაფრინდაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა  დავით ზალკანიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპელ კოლეგებთან დღესაც ისაუბრა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა, დატყვევებული ექიმის საქმესთან ერთად, ბოლო პერიოდში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია იყო.

"ვისაუბრე ბოლო პერიოდში მიმდინარე ბორდერიზაციასთან და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ბატონი ბორელის წინამორბედთან - ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან. ის ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს," - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

 

 

დღის ამბები