26 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - დაკავებულია 2 პირი

ხმაური იყო გვიან ღამით პარლამენტის წინ. ფიზიკური დაპირისპირება უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მოხდა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ.

მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ინციდენტის დროს ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მათ ადგილზე სიტუაცია განმუხტეს.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 2 პირი. საქმეზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტის ვახტანგ გაგნიძის თქმით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ მოგზავნილები იყვნენ და ისინი კავშირში არიან საპროტესტო აქციის მოწინააღმდეგე ძალებთან.  სამოქალაქო აქტივისტის თქმით, შემთხვევითობა არაა, რომ დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მათი პროტესტის გასაპროტესტებლად ხელისუფლების მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს.

ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფს შაკო კუჭაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ  კარავში გუშინ დასახლდა. მისი თქმით, ის აპროტესტებს, რომ მოძრაობა "სირცხვილია" საზოგადოების სახელით ლაპარაკობს.

დღის ამბები