22 იანვარი 2020,   08:42
ვრცლად
აქციაზე დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების მოთხოვნა დაააყენეს

ამ წუთებში აქციებზე დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი და ლევან გახელაძე.

დაკავებულია სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" 3 წევრიც. სამართალდამცავები აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

4 დაკავებულის პირველი სასამართლო პროცესი ხვალ 3 საათისთვის გადაიდო, ვინაიდან დაცვის მხარემ მოითხოვა გონივრული ვადა მტკიცებულებების გასაცნობად.

თუმცა, პარალელურად მიმდინარეობდა 5 დაკავებულის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის იყო გურამ ჩალაგაშვილი.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა  6 კაცის სასამართლო პროცესო საღამოს 8 საათისთვის გადადო.

დღეს უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა და მოსამართლის აცილების მოთხოვნა, რადგანაც ისინი ამბობენ, რომ ვალერიან ფილიშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც აქციის დროს დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და შესაბამისად მათ მოლოდინი პოზიტიური განაჩენისა დღეს არ აქვთ.

"ვალერიან ფილიშვილი არის მოსამართლე, რომელიც არის დაინტერესებული და პოლიტიკურად მიკერძოებული პირი და რომელმაც უკვე არა ერთ საქმეზე გამოიჩინა თავი უკანონო გადაწყვეტილებებით. მას მისი მიკერძოებულობის საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი კონტრარგუმენტები არ მოუყვანია, უბრალოდ თქვა, კანონი ხომ მაძლევს მე ბოროტების ჩადენის შესაძლებლობას ხოდა, მე ვსარგებლობ ამ ბოროტული საბჭოთა კანონითო. ისეთივე არგუმენტი ჰქონდა, როგორი არგუმენტიც ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენლებს ჰქონდათ, როდესაც თავიანთი ქმედებების გამართლებას ცდილობდნენ," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი აღნიშნული საკითხის სასამართლო პროცესებზე მიზანმიმართულად ხვდება.

"ცალსახად ჩანს, რომ ის მოსამართლე, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება ყოველთვის ამ საკითხებზე ხვდება. ამ თვის პროტესტი რაც დაიწყო 18 ნოემბრიდან, მოსამართლემ ყველა გადაწყვეტილებაში ყველა გაამტყუნა, ამიტომ იმედი არ მაქვს, რომ რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებას გამოიტანს," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ პოლიციის მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ სავალი ნაწილი დაემორჩილნენ და გადავიდნენ ტროტუარზე, თუმცა მიუხედავად ამისა ის დააკავეს. 

"ჩემს მეგობრებთან ვაპროტესტებდი, პოლიციის თანამშრომლებმა მოგვიწოდეს იმისკენ, რომ გაგვეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, ამ მოთხოვნას დავემორჩილეთ, გადავედით ტროტუარზე. ტროტუარზე ზოგიერთი თანამშრომელი გამოირჩეოდა აგრესიულობით, აქ დამაკავეს და ბრალი ორი მუხლით მედება: პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობით, თუმცა მხარეები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის ჩემი დამკავებელი, ვერ შეძლეს ვერანაირი ხელშესახები მტკიცებულების წარმოდგენაც," - განაცადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

აქციის დროს დაკავებულებს ბრალი პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ედებათ.

დღის ამბები