იქნება თუ არა ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთი წევრი ბრალდებულის სტატუსის მატარებელი, - რამდენიმე საათით შეფერხებული სხდომის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მძიმე მუხლით დაიწყო.
უსიამოვნო სუნის ფაქტზე, რომელზეც საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა, ხელისუფლება პასუხისმგებლობას სწორედ ოპოზიციას აკისრებს. ეს მუხლი კი თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები სხდომათა დარბაზში უკვე ჩატარდა.
უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც იმ ადამიანებს შორისაა, რომლებსაც გუშინ პარლამენტში გავრცელებული სპეციფიკური სუნის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის:
"ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება და მე მგონია, რომ შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის. გამოძიება სწორედ იმიტომ უნდა იყოს ობიექტური, რომ დავადგინოთ რა იყო," - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერებები არ არსებობს და გამოხატვის თავისუფლება ვინმეს საზიანოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული:
"როცა აცხადებენ, რომ აბსოლუტურად უვნებელია, ასე არ არსებობს. ორგანიზმს აქვს აწეული მგრძნობელობა, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი. ამიტომ, ერთი შეხედვით უვნებლობამ შეიძლება იმ ადამიანში რეაქცია გამოიწვიოს, თუ ამის მზაობა არსებობს. რატომ ასეთ შემალულ-დაფარულად? იმიტომ რომ ქმედება არის თვითონ ცუდი. შეიძლება იყოს რაღაც პერფორმანსები, ოპოზიციას ყველაფრის უფლება აქვს და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება სხვის საზიანოდ თუ მოხდა, ეს უკვე ხელყოფაა," - აღნიშნა ლადო კახაძემ.
ინციდენტზე რეაგირებას მოითხოვს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე:
"მიუღებელი ქმედებებით ოპოზიციის ერთი ნაწილი შეეცადა, რომ აურზაური შემოეტანა პარლამენტში და გარკვეულმა პირებმა რაღაც უცხო ნივთიერება შემოიტანეს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, თუნდაც მცირედი, იმიტომ, რომ თუ მას შესაბამისი რეაგირება არ ექნა, შემდეგ ის წარმოშობს დიდ ძალადობას,"- განაცხადა ხუნდაძემ.