19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საოკუპაციო ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ სოფელ წნელისის მიდამოებში ქართული პოლიციის აქტიურობაა გაზრდილი და დეკემბრის დასაწყისიდან მათი ყოველდღიური როტაცია ხდება, ასევე ხდება ტაქტიკური გეგმის რეალიზება, რომელიც უკავშირდება 903.2 სიმაღლეზე საფორტიფიკაციო წერტილის შექმნას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით: "სამხრეთ ოსეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს"

"პარალელურად საქართველოს შსს ახორციელებს სნაიპერული პოზიციების და სათვალთვალო პოსტების აღჭურვას" - ნათქვამია განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ კომიტეტის განცხადებით: "სასაზღვრო აპარატურამ  დააფიქსირა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემთხვევებიც, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოები, მათ შორის ღამითაც."

ე,წ კომიტეტის განცხადებით, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს საზღვრის სასიგნალო ბარიერების გააქტიურების გახშირებული ფაქტები.

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით:"მომიტინგეებმა მოითხოვეს არა მარტო პატიმრის გათავისუფლება, არამედ წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნებიც, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის საზღვრის განადგურებისკენ."

ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ КГБ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, რომელიც მათი თქმით: "უგულვებელყოფს კრიზისული სიტუაციების მოგვარების  დიპლომატიურ ფორმებს და მეთოდებს და წარმოადგენს რეგიონალურ უსაფრთხოებისთვის საფრთხეს, რომელსაც ახლო მომავალში შეუძლია გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია და არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე ინციდენტების წინაპირობების შექმნა."

დღის ამბები