08 მაისი 2024,   01:40
ვრცლად
ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფარებს - 15 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორს ელოდებიან

15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე პარლამენტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორს ელოდებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება უმძიმესი შემთხვევაა მთელი ქვეყნისთვის და უნდა მოხდეს საქმის გამოძიება ისე, რომ საზოგადოებას არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს:

"ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფარებს და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ჩვენ ქალბატონ ლონდას მოსვლა იმისთვის, რომ ყველა დეტალი გავიაროთ, რომ საზოგადოებას არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ეს არის უმძიმესი შემთხვევა მთელი ქვეყნისთვის, აქ ვინმეზე ხელის დაფარებაზე საუბარი არის არარელევანტური და ვინმეს მხრიდან ამის მცდელობა იქნება არაადამიანობა. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს," - განაცხადა სოფო კილაძემ.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები