19 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
პოლიციამ სწორად უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - UNICEF-ის წარმომადგენელი ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.

ღასან ხალილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მექანიზმი შესაბამისად მუშაობდეს. UNICEF-ის წარმომადგენელმა ბავშვების ფსიქო-სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

"მომხდარის გამო ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ, ამ საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი საქმე არაა, ვინმეს დავაკისროთ პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა მუშაობდეს ყველა შესაბამისი მექანიზმი. მჯერა, რომ მალე ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომა.

რაც შეეხება მექანიზმებს, მთავარია გაძლიერდეს სოციალური მუშაკის როლი, რათა ოჯახმა საჭირო მხარდაჭერა მიიღოს. როდესაც ბავშვი რთულ ასაკშია, აუცილებელია მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი ფსიქო-სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, რა თქმა უნდა, პოლიციამ სწორად უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება," - განაცხადა ღასან ხალილმა.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს.

ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები