17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ტრამპის ბედი სენატის ხელშია - როგორ მიმდინარეობდა იმპიჩმენტის პროცედურა კონგრესში

დონალდ ტრამპი აშშ-ს უკვე მესამე პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მის ბედს, საბოლოოდ, სენატი გადაწყვეტს. იანვარში გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე.

BBC-ს ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის წინააღმდეგ ორ ბრალდებას უყარა კენჭი - მან უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და კონგრესის საქმიანობას დაბრკოლება შეუქმნა. ბრალდებებს თითქმის ყველა დემოკრატმა დაუჭირა მხარი, ყველა რესპუბლიკელმა კი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

მაშინ, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარფლებში მიჩგანში სიტყვით გამოდიოდა.

„ვიდრე ჩვენ სამუშაო ადგილებს ვქმნით და ვიბრძვით მიჩიგანში, კონგრესში რადიკალი მემარცხენეები ბრაზით, შურითა და სიძულვილით არიან შეპყრობილი,“ - განუცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე შეკრებილებს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატში მას სრულად გაამართლებენ.

რას ამბობდნენ წარმომადგენლობითი პალატის წევრები დებატების დროს?

დებატები წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გახსნა. ის ტრაგიკულად აფასებს ფაქტს, რომ პრეზიდენტის წინდაუხედავმა ნაბიჯებმა მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენება გარდაუვალი გახადა.

„თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ეს ჩვენი უფლება-მოვალეობების დარღვევა იქნება,“ - აღნიშნა პელოსიმ.

დემოკრატების წარმომადგენელმა ჯო კენედიმ, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედის შთამომავალია, სიტყვით გამოსვლისას საკუთარ შვილებს მიმართა :

„ძვირფასო ელი და ჯეიმს, ახლა ისეთი რამ ხდება, რასაც მომავალში ისტორიის წიგნებში წაიკითხავთ,“ - აღნიშნა კენედიმ და დასძინა, რომ პრეზიდენტს მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარი უფლებამოსილების იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს.

რესპუბლიკელმა დუგლას კოლინზმა დემოკრატები უსამართლო და უკანონო გამოძიების წარმართვაში დაადანაშაულა.

„ეს იმპიჩმენტი მხოლოდ მოსაზრებებს ეფუძნება,“ - აღნიშნა მან.

პელოსიმ მიუთითა დემოკრატებს, პროცესს სერიოზულად მისდგომოდნენ. მან რეპორტიორებთან განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესის გამო ძალიან წუხს.

დებატებისა და კენჭისყრის პარალელურად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმპიჩმენტის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. „კანონზე მაღლა არავინ დგას!“ - სკანდირებდნენ აქციების მონაწილეები.

რა მოხდება ამის შემდეგ...

დებატები 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები კი წარმომადგენლობითმა პალატამ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 20:30 საათზე გამოაცხადა. იმპიჩმენტს 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს.

პროცესი მომდევნო წლის დასაწყისიდან სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტია“ ფლობს, შესაბამისად, ძალიან დიდია შანსი, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნოს. 

როგორი რეაქცია ჰქონდა ტრამპს კენჭისყრის შედეგების გაცნობისას

მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემოკრატები ღიად აფიქსირებენ ღრმა სიძულვილს ამერიკელი ამომრჩევლების მიმართ.

„ისინი პირველივე დღიდან ცდილობენ ჩემს იმპიჩმენტს. მათ ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ ჩემს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება, ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი,“ - აღნიშნა ტრამპმა.

რაში ადანაშაულებენ პრეზიდენტს

დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა განახორციელა, რათა 2020 წლის არჩევნებში მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ საჭირო ინფორმაცია მიეღო.

ბაიდენის შვილი, ჰანთერი, უკრაინულ კომპანიაში მუშაობდა, როდესაც მის მამას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რომელიც კონგრესს უკვე დამტკიცებული ჰქონდა.

დემოკრატების განცხადებით, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა - მან თანამდებობა პირადი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად გამოიყენა და სახელმწიფო უშიშროება საფრთხის ქვეშ დააყენა. უკრაინა აშშ-სგან გამოყოფილ სამხედრო დახმარებას რუსეთთან კონფლიქტისთვის იყენებდა.

რა მტკიცებულებების არსებობს ტრამპის წინააღმდეგ

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, გაავრცელა წერილი, სადაც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ წერდა - მისი ინფორმაციით, საუბარი 25 ივლისს შედგა.

საუბრის სტენოგრამული ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის დაავალა, ჯო და ჰანთერ ბაიდენების დისკრედიტაციისთვის გამოძიება დაიწყოს.

თუ პრეზიდენტს გადააყენებენ, ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში

1947 წელს მიღებული აქტის თანახმად, მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მართავს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სენატი ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ოვალურ კაბინეტში მაიკ პენსი გადავა.

დღის ამბები