21 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
წარწერები წაიშლება, არავის მივცემთ სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობას - კალაძე

"პროტესტი გამოხატონ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის,"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ აგორებული პროტესტის ტალღას.

კახა კალაძის განცხადებით, წარწერები, რომლებიც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის, გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაჩნდა, სუიციდის პროპაგანდის საფრთხეს ატარებს.

"წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს", – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების პროტესტი 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიას მოჰყვა, რომელიც სუიციდის მცდელობით მიღებული დაზიანებების გამო 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.

დღის ამბები