19 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და შესაბამისი სტრუქტურებისგან რეაგირებას მოითხოვს

ფეისბუქმა საქართველოში 400-მდე სამთავრობო ხასიათის ანგარიში გააუქმა. მათი საქმიანობა, ფეისბუქის გამოძიებამ, საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდას" და "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა.

"მათი მიზანი იყო მმართველი პარტიის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრება და ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაცია. ეს კი ზუსტად ქართულ პოლიტიკაში არსებული ცხელი პერიოდის, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ ხდება,"- ნათქვამია ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის განცხადებაში.

წაშლილი ყალბი სოციალური გვერდები საქართველოს მთავრობასთან და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყო კავშირში აღნიშნავს ფეისბუქის ადმინისტრაცია განცხადებაში.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სარეკლამო კომპანია "პანდაში", თუმცა გადამღებ ჯგუფს იქ არავინ დახვდა.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმაა წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ იმ თანხებზე რაც ხელისუფლებამ ე.წ ბოტებზე დახარჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მკვეთრ რეაგირებას და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო.

"ბიძინა საქმის კურსშია თავიდან ბოლომდე და თავად უშიშროებაა ამით დაკავებული იმის ნაცვლად, რომ ცხინვალის ციხეში დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილზე ზრუნავდეს," განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას თანხის არამიზნობრივ განკარგვაში ადანაშაულებს.

"იმის ნაცვლად, რომ სოციალურად დაუცველებზე ფიქრობდნენ, ხელისუფლება რაღაც რეკლამებში ხარჯავს ფულს. ძალიან მძიმეა, როდესაც ხელისუფლება ტროლების ქარხნის მუშაობაშია ჩართული,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სისტემა უნდა დამარცხდეს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა.

"დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა ჩამოაყალიბა უნდა დამარცხდეს," განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ კიდევ რამდენიმე გვერდი არსებობს, რომელიც კრემლის პროპაგანდას ემსახურება, მათივე თქმით, ანგარიში უკვე მიაწოდეს ფეისბუქ ადმინისტრაციას და რეაგირებას ელოდებიან.

 

დღის ამბები