22 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
დაპირისპირება ღვინის გამო - ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ახალი ვერსიები ვრცელდება

პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება  - ერთ-ერთის თანახმად, დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიამ სუფრაზე მიიტანა ღვინო, რომელიც დაიწუნეს, ამის გამო კი გამსახურდია განაწყენდა და დაპირისპირებამ გარეთ გადაინაცვლა.  

მოწმის ვერსიით იკვეთება, რომ ცოტნე გამსახურდია ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს ხელჯოხით მისდევდა, რა დროსაც პირმა მისი მოგერიება ცივი იარაღის გამოყენებით სცადა.

რაც შეეხება დაკავებულების ადვოკატების პოზიციებს აღნიშნულ ვერსიებთან დაკავშირებით, "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობენ, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს შეისწავლიან.

"სუფრაზე მოხდა შელაპარაკება, შემდეგ გარეთ რომ გავიდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბს შეესწრო. ის ბრალს არ აღიარებს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და რა უნდა ექნა?! პოლიციას უთხრა, სასწრაფოში დარეკა და უპატრონა," - აღნიშნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთ-ერთი  დაკავებულის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.

"ჩვენ ვაპირებთ, დღეს საქმის მასალებს გავეცნოთ და პროკურატურაში უფლებამოსილ პირებს შევხვდეთ. ვერ დავეყრდნობით ბრალდებულების პოზიციებს. უნდა ვნახოთ ნეიტრალური მოწმეები და მტკიცებულებები. რაც მთავარია, როდესაც ცოტნე გამსახურდია თვითონ შეძლებს ჩვენების მიცემას, ეს იქნება საბოლოო სურათისთვის გადამწყვეტი," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის საქმეში დაკავებული პირებიდან ერთს ბრალი უკვე დაუმძიმდა. გამოძიება ახლა ელოდება ექსპერტიზის პასუხს და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის იარაღებზე სხვა პირის დნმ-ს ნიმუში ამოვიდა, არ არის გამორიცხული, დაკავებულებიდან კიდევ რომელიმე საბრალდებო სკამზე უფრო მძიმე მუხლითაც აღმოჩნდეს. მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა კონკრეტული მოწმეების ჩვენებემა განაპირობა, რომლებიც ასევე მომხდარი დანაშაულის კიდევ ახალ ვერსიებზე საუბრობენ.

დღის ამბები