18 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
"არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ" - სარეკლამო სააგენტო "პანდა" ვიდეომიმართვას ავრცელებს

სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც "ფეისბუკმა" რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"პანდა" აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაცია "არასწორი ინტერპრეტაციით" გავრცელდა, თუმცა არ უარყოფენ, რომ კომპანია სოციალურ ქსელში "დიდ რესურსებს ფლობს და აქირავებს".

სარეკლამო კომპანია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი მათ პრინციპებზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

"ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ, არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ.

ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად, არა ერთი შეთავაზება ჰქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ცრუ ლიბერალები, რომელთაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ "პანდას" დამარხვას. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულების ადამიანებისთვის, გაუგებარია როგორ შეიძლება პირველ წყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად "ფეისბუქს" არ დაუდასტურებია "პანდას" ოფიციალურ გვერდსა და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი ქართული ანგარიში გააუქმა. "ფეისბუქის" განცხადებით, ყალბი პროფილები საქართველოს ხელისუფლების ნარატივს და მის საერთო მესიჯბოქსს ავრცელებდნენ, ასევე ეწეოდნენ ანტიდასავლურ კამპანიას და ოპოზიციურ ლიდერებზე ჭორებს ავრცელებდნენ.

დღის ამბები