18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
სამი ქვეყნის მინისტერიალის დასასრულს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებს დავით გარეჯის საკითხი არც ერთხელ უხსენებიათ

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასასრულს,  მხარეებს ერთობლივი განცხადებების დროს, არც ერთხელ არ უხსენებიათ დავით გარეჯი და მთავარი პოლიტიკური პრობლემა, რომელიც უკვე თვეებია, მოუგვარებელია. 

ასევე, სადავო ტერიტორიებზე არც პირდაპირ და არც ირიბად ყურადღება არც ერთ დიპლომატს არ გაუმახვილებია.

ამ დრომდე გაურკვეველია ისიც, პირისპირ შეხვედრის დროს მაინც თუ მოითხოვა ქართულმა მხარემ კონკრეტული პასუხები - როდის მოიხსნება მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების შეზღუდვა გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კომისიის მორიგი რაუნდი აუცილებლად ჩატარდება.

"დღეს აღინიშნა, რომ აუცილებლად ჩატარდება კომისიის მორიგი რაუნდი ქალაქ თბილისში, სადაც  მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. შეთანხმება, რომელიც აქამდე მიღწეული იყო კვლავ მიდის გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რადგან პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კომისიის მორიგი სხდომა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც კომისიამ და ექსპერტებმა უკვე გაიარეს და არის შესაბამისი დასკვნებიც,“ - განაცხადა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძემ.

აღსანიშნავია, რომ მხარეების პირისპირ შეხვედრამდე  დავით ზალკალიანი დავით გარეჯის პრობლემას სწორედ ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილავდა. თუმცა, მან შეხვედრის დასრულების შემდეგ  გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება ძირითადად სხვა საკითხზე გაამახვილა.

"ხაზგასმით აღვნიშნეთ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის მეორე ეტაპის დასრულების მნიშვნელობა, პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ახალი რეალობის ჩამოყალიბებას ევროპული ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას,  უსაფრთხოებას და ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები