18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
არ იყო ადვილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შექმნა - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი   

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით თბილისში გამართული მინისტერიალი ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს უმასპინძლა. განცხადებები გააკეთეს აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

"აზერბაიჯანი მადლობას უხდის საქართველოს და თურქეთს შეთანხმების იმ ახალი თავის გამო, რომელიც სრულ უსაფრთხოებასთან გვაახლოებს, ეს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტია, შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე, არ იყო ადვილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შექმნა, თუმცა ამან სამივე ქვეყნისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები შექმნა.

ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, საქართველო და აზერბაიჯანი მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე ვდგავართ, არის ოკუპირებული ტერიტორიები, ბევრი მსგავსებაა ჩვენს შორის, ჩვენ ვცნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.

იგივე თემებზე გაამახვილა ყურადღება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

"ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანთან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა რეგიონში მეზობლებისთვის მაგალითი იქნება. პროექტები, რომლებიც შეხვედრის დროს განვიხილეთ, განხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ენერგეტიკა, ტრანსპორტირება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და კულტურა. ჩვენ ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობას ვავითარებთ,” - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები