18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
26 მაისს სიკვდილამდე გვცემეს რუსთაველის პროსპექტზე და ერთ-ერთი იყო ბადრი ბასიშვილი - კარლო კოპალიანი

ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა.

კენჭისყრის დროს თავი შეიკავა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ორმა წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა და კარლო კოპალიანმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი კარლო კოპალიანი 26 მაისის აქცია იხსენებს და ამბობს, რომ რუსთაველის პროსპექტზე მის ცემაში ბადრი ბასიშვილიც მონაწილეობდა. კარლო კოპალიანის განცხადებით, მსგავს პიროვნებას პარლამენტში შემოსასვლელად ხმას არ მისცემს.

"პირადად მე და ჩემი მეგობრები 26 მაისს სიკვდილამდე გვცემეს რუსთაველის პროსპექტზე და ერთ-ერთი თავიანთ ჯგუფთან იყო ბასიშვილი, ეგ არის ძალიან ცნობილი ფაქტი საქართველოში. მომეცით რა უფლება, რომ მე ასეთ ხალხს ხმა არ მივცე პარლამენტში შემოსასვლელად," - აცხადებს კარლო კოპალიანი.

ცესკო-დან მოსული დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ სიით შემდეგი ბადრი ბასიშვილია, რომელმაც პარლამენტის წევრის პოზიცია უნდა დაიკავოს - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, თუ 76 დეპუტატის ხმა ვერ მოგროვდა, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოსულია დოკუმენტაცია, რომ ბადრი ბასიშვილი იქნება შემდეგი სიითი ნომერი, რომელმაც უნდა დაიკავოს პარლამენტის წევრის პოზიცია. შესაბამისად ჩვენ ვიმსჯელეთ და დოკუმენტაცია არის წესრიგში. რა თქმა უნდა, თუ ვერ მოგროვდა, თეორიულად 76 დეპუტატის ხმა, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ვერც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაზე და ვერც როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნაზე," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული და ვადების დასრულებისთანავე სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდება.

"პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებული არის საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, ჯერ არის ვადები და აუცილებლად იქნება  გასაჩივრებული. ნიკა მელიასადმი უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, იყო პოლიტიკური დევნა," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი მაშინ 88-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

დღის ამბები