21 მაისი 2024,   16:39
ვრცლად
თბილისის მერიის პრეტენზიებს იმ კომპანიამ უპასუხა, რომელმაც მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებზე სამუშაოები ჩაატარა

თბილისის მერიის პრეტენზიებს იმ კომპანიამ უპასუხა, რომელმაც მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებზე სამუშაოები ჩაატარა. როგორც კომპანიებში აცხადებენ, ხარვეზები, რომელზეც კახა კალზე საუბრობდა, უმნიშვნელოა.   

"ასე მკაფიოდ დამკვეთს არ დაუსვამს საკითხი, რომ დიდი პრობლემა იყო, როცა მერიის ლაბორატორია იყო მოსული. მათ მიერ გამოითქვა მცირე შენიშვნები. ხარვეზების დიდი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და არის მცირე დეტალები, რომელიც დღესვე იქნება გამოსწორებული,"- აცხადებენ კომპანიაში.

განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაში. ოპონენტების თქმით, დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელობა თბილისის მერმა უნდა აიღოს.

"ამ კაცმა რომელი პროექტიც დაიწყო, ვერც ერთი ვერ დაასრულა ვადაში. იქნება ეს ხიზანიშვილის თუ კანდელაკის ქუჩა. ერთხელ რომ დაასხა ასფალტი, გადათხრა მოუწიათ, იმიტომ, რომ მილების დაერთება დაავიწყდათ. ახლა თურმე ზაარბრიუკენის ქუჩა საშინლად არის გაკეთებული. ამბობს, რომ აეროპორტის გზის ნაწილი ცუდად და უხარისხოდ არის შესრულებული და აბა თვითონ რას აკეთებს, მერიას ფულს რაში ვუხდით, ეს ხალხი რატომ დავიქირავეთ, ზედამხედველობის სამსახური რას აკეთებს?

ის, რომ თურმე რაღაცა არ სრულდება და ვაიმე ახლა მუშტს დავარტყამ მთავრობის სხდომაზე, სასაცილოა. გაცვდა ბატონი კახი, მერი ხარ და თავად გიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება," - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

"ვხედავთ, რომ მთავრობის სხდომაზე კალაძე თითს უქნევს კონკრეტულ კომპანიებს,  არადა ეს თითის დაქნევა რეალურად არის თბილისელების მიმართ, იმიტომ რომ ეს არის თბილისელების თანხები და მათი ნერვების ხარჯზე კეთდება და მერიას მართებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს,"- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტმა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით კი, ყველა ხარვეზი, რაც უხარისხოდ არის გაკეთებული,  კომპანიის ხარჯებით აღმოიფხვრება.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით ადგილზე, პერიოდულად მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს ხოლმე ნებისმიერი სამუშაოების ინსპექტირებას და გამოვლინდა ასფალტის დაგების დროს ხარვეზები. დღესვე გვექნება კომპანიასთან შეხვედრა და კომპანიის ხარჯებით მოხდება ყველა ხარვეზის აღმოფხვრა, რაც იქ უხარისხოდ არის გაკეთებული.

მერმა როდესაც შეამოწმა, მაშინ გვირაბის სამუშაოები გაკეთდა, მაშინ ასფალტის ზედა ფენები არ იყო მოწყობილი და როდესაც დასრულდა, სულ რამდენიმე დღის წინ, მოხდა ხელმეორედ შემოწმება და ამ პერიოდისთვის გამოვლინდა ხარვეზები," - განმარტა  თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

 

დღის ამბები