14 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
ინკასო არის კიდევ ერთი გზა ივანიშვილისთვის, რომ პრობლემები შეუქმნას კრიტიკულად განწყობილ მედიას - ოპოზიცია

ორმაგი სტანდარტი თუ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა - ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვს და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ახდენენ.

"ინკასო არის კიდევ ერთი გზა ივანიშვილისთვის, რომ პრობლემები შეუქმნას კრიტიკულად განწყობილ მედიას. მოვისმინეთ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის განცხადება, რომელიც ითხოვს, რომ მოლაპარაკებები იმ მედიებთან, რომელთაც 55 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დავალიანება გახდეს გამჭვირვალე, იმისთვის, რომ ორმაგ სტანდარტზე არ გაჩნდეს ეჭვები," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ხელისუფლებამ ჯერ უნდა გაგვცეს პასუხი, რას უპირებს მის მხარდამჭერ ტელევიზიის მიერ დაგროვებულ ვალებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებით იმოქმედოს. ხელისუფლება არათანაბარ პირობებში აყენებს მედიასაშუალებებს, რაც ბუნებრივია არც სამართლიანია და დამღუპველია სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

უმრავლესობაში კი ორმაგ სტანდრტს გამორიცხავენ.

"ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად არ ვფლობ. ეს არის ფინანსთა სამინისტოს პრეროგატივა. არ აქვს მნიშველობა ეს იქნება "რუსთავი 2", "იმედი" თუ "პირველია არხი," ნებისმიერ კომპანიას აქვს ვალდებულება დავალიანება გადაიხადოს," - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  ირაკლი მეზურნიშვილმა.

"რუსთავი 2"-ს, "პირველსა" და "კავკასიას" ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო. ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს. 

დღის ამბები