14 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ეს ტელევიზიები, რომლებიც დღეს დახურვის საფრთხის წინაშეა, დემოკრატიული განვითარების ერთადერთი წყაროა - ნოდარ რუხაძე

მოძრაობა "სირცხვიალიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ რუხაძემ, ტელეკომპანია "ტვ პირველთან" გამართული აქციის დროს განაცხადა, რომ ვალდებულად თვლის თავს, დადგეს იმ ტელევიზიების გვერდით, რომლის ანგარიშებსაც ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო.

"სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სამოქალაქო აქტივისტები თავისუფალი მედიის გვერდით იქნებიან, რადგან, აღნიშნულ ტელეკომპანიებს დემოკრატიული განვითარების ერთადერთ რეალურ წყაროდ მიიჩნევს.

"ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი მედიის გვერდით, რადგან ეს ტელევიზიები რეალურად, რომლებიც დღეს არიან დახურვის საფრთხის წინაშე, ბოლო 7 თვის განმავლობაში, დილიდან მეორე დილამდე იდგნენ ჩვენს აქციებზე და საქართველოს მოქალაქეებს აწვდიდნენ მიუკერძოებელ, ჯანსაღ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას.

სწორედ ამიტომ, პირადად მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ დავდგე ამ ტელევიზიების გვერდით და ქვეყანაში დავიცვა დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი და ამჯერად ერთადერთი რეალური წყარო," - აცხადებს ნოდარ რუხაძე.

ტელეკომპანია "ტვ პირველთან" მოძრაობა "სირცხვილიამ" და "შეცვალემ" საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტები ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადებას აპროტესტებენ.

"რუსთავი 2"-ს, "ტვ პირველსა" და "კავკასიას" ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო. ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს. 

დღის ამბები