17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
მოსკოვი-თბილისის გზაზე მომხდარი ავარიისას მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ - ამოქმედებულია ცხელი ხაზი

ავარიის შედეგად შედარებით მსუბუქად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეს თბილისში ჩამოიყვანენ. მგზავრების საქართველოში დასაბრუნებლად თბილისიდან რუსეთისკენ 2 ავტობუსი უკვე გაემართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა საქართველოს 3 მოქალაქე, 2 კი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავებულები ადგილობრივ სტაციონარში მკურნალობენ.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექცია შესაბამის სამსახურებთან მუდმივ კავშირზეა. მოქმედებს ცხელი ხაზი.

"ლიპეცკის ოლქში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტობუსი მიემართებოდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. 19 მგზავრი იყო სულ ავტობუსში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 2 მოქალაქე და 8 მოქალაქე დაშავებულია, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან დელეცკის საქალაქო საავადმყოფოში.

ამ 8 დაშავებულებიდან ყველანი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ამ მომენტისთვის ინფორმაციას ვფლობთ, მგზავრობდნენ ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. 2 მათგანის მდგომარეობა არის მეტ ნაკლებად მძიმე.

საქართველოდან უკვე გაემგზავრა 2 ავტობუსი, იმ პირების საქართველოში ჩამოსაყვანად, რომლებიც არ არიან დაშავებულები და შეუძლიათ გადაადგილება.

შემთხვევის მიზეზი უამინდობა გახდა, თოვლი მოდიოდა და გზა იყო მოყინული. ბუნებრივია გამოძიება დაადგენს საბოლოო მიზეზს," - აცხადებს რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის კონსული ზვიად ტატიშვილი.

დღის ამბები