18 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ვაჟა ექიმის გათავისუფლებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, დიპლომატები განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ

ქართველი ექიმის გათავისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მთელ ქვეყანას ორი დღეა პარტნიორი ქვეყნები, დიპლომატები და პოლიტიკოსები ულოცავენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოწოდებას - "თავისუფლება ვაჟა ექიმს", ახალი ფოტო დაემატა, სადაც გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად არის.

ექიმს გათავისუფლება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა მიულოცეს.

სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადება გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის საელჩომ, განცხადებაში ვაჟა ექიმს გათავისუფლება მიულოცეს. 

"უკრაინის საელჩო საქართველოში ულოცავს ექიმ გაფრინდაშვილს გათავისუფლებას. მოხარულები ვართ რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს სახლში ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდება. საელჩო მიესალმება ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრის ერთობლივ ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა ექიმი ვაჟას გათავისუფლება!"

ექიმის გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი. მან ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას გადასასვლელი პუნქტების გახსნა მოუწოდა.

"მივესალმები, რომ ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს სამხრეთ ოსეთიდან და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. კვლავ მოვუწოდებ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაიხსნას გამშვები პუნქტები, უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილება და შეწყდეს უკანონო დაკავებები“ - აღნიშნულია შვედეთის ელჩის განცხადებაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე  ამახვილებს ყურადღებას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.

"კარგი ამბავია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. მისი დაკავება და სამხრეთ ოსეთში გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა, არის ილუსტრაცია იმ სირთულეებისა და საფრთხეებისა, რომლის წინაშეც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები იმყოფებიან," - განაცხადა ტოივო კლაარმა.

საერთაშორისო მედია და დიპლომატიური კორპუსი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას დაკეტილი გამშვები პუნქტების გახსნას მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, თვე და 20 დღე გაგრძელდა ქართველი ექიმის უკანონო ტყვეობა ოკუპირებულ ცხინვალში. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 50 დღიანი პატიმრობის შემდეგ გამოუშვა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საერთაორისო საზოგადოების ზეწოლა და სოლიდარობის აქციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

დღის ამბები