18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე კოსაჩოვის განცხადებას ქართველი ექსპერტები მიუღებლად მიიჩნევენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, რამდენად რეალურია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის - კრემლის არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, ამ საკითხზე რუსეთის დუმის დეპუტატები აქტიურად წერენ.

ერთ-ერთი ასეთი არის რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. ის აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები, რომლებიც წარსულში უნდა დარჩეს.

კონსტანტინ კოსაჩოვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თბილისში კომენტარებს ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური ექსპერტები აკეთებენ. მათთვის მიუღებელია კოსაჩოვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ისტორიის წერა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ.

პოლიტიკური ექსპერტების მოსაზრებით, მეორე საკითხია, ვინ უნდა იყოს ოფიციალური თბილისის მხრიდან მომლაპარაკებელი მსგავსი დიალოგის დაწყების შემთხვევაში, ვინაიდან პოლიტიკური ექსპერტების შეფასებით, ასეთი დიპლომატის გამოძებნა ქართულ დიპლომატიაში საკმაოდ რთულია.

"ამას თუ გვეუბნებიან, რომ მოდი დავივიწყოთ რაც მოხდა, ტერიტორიები წავიღეთ და ხელახლა დავიწყოთ მოლაპარაკება, ეს თავისთავად ცხადია ჩვენთვის მიუღებელია, მაშინ მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. თუ რამის დათმობას აპირებენ, მაშინ კი ბატონო მოვუსმინოთ, მაგრამ რა ვიცი, მართალი გითხრათ ეჭვი მეპარება ასე მარტივად დათმონ რამე. მსგავსი დიალოგი რა თქმა უნდა იოლი არ იქნება, ამისთვის საჭიროა სერიოზული კადრი, სერიოზული მცოდნე რუსეთის და პლუს ამას, უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მანდატი ქართველი ხალხისგან, ეს საკმაოდ რთული თემაა," - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტების მეორე ნაწილის მოსაზრებით, ოკუპაციის ფონზე, როცა სიტუაცია ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად მწვავდება, მოსკოვთან ყოველგვარი პირდაპირი დიალოგი არის მიუღებელი. საქართველოს აქვს საკმარისი პოლიტიკური ფორმატები იმისთვის, რომ რუსეთს იმ პრობლემებზე ესაუბროს, რომლის მოგვარებაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო იმყოფება რუსული ოკუპაციის ქვეშ, რთულია რაიმე ტიპის დიალოგზე საუბარი, საქართველოს აქვს ფორმატები რუსეთთან დიალოგის, ეს იქნება ჟენევის ფორმატი, თუ ეს იქნება იგივე შეხვედრები, რაც არის ბატონი აბაშიძე-კარასინის შესაბამისად. ეს არის ერთადერთი ფორმატი ამ ეტაპზე და მე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები ყოველდღიურად არის გამწვავებული, სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, რაიმე ტიპის პირდაპირ დიალოგზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენ გვახსოვს ერთადერთი დიალოგი, რომელიც შედგა ბატონ ლავროვსა და ზალკალიანს შორის, თუმცა ამას რაიმე ტიპის დადებითი შედეგები საქართველოსთვის არ გამოუღია," - განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები