18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
პირდაპირ დიალოგის დაწყებას აქვს მხოლოდ მაშინ აზრი, თუ ჩვენ დეოკუპაციის პროცესზე დავიწყებთ ლაპარაკს - რატი იონათამიშვილი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებაზე, სადაც  ის აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საუბარი დაიწყება ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ.

"პირდაპირ დიალოგის დაწყებას აქვს მხოლოდ მაშინ აზრი, თუ ჩვენ დეოკუპაციის პროცესზე დავიწყებთ ლაპარაკს. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის საერთაშორისო ფორმატში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე  ამბობს, რომ დიალოგი აუცილებელია, თუმცა როგორც რუსეთთან, ისე აფხაზებთან და ოსებთან.

“როდესმე სადმე გაკეთებულა საქმე, სადაც ლანძღვა-გინების მეტი არაფერი არ არის? ხომ გამორიცხულია, რომ ამითი რაღაცას მიაღწიონ არა? ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცას მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა იყოს დიალოგი, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ასევე მიმაჩნია რომ რუსეთთან. იმიტომ რომ მთავარი ფიგურა რუსეთი რომ არ არის, ამას რათ უნდა დიდი მსჯელობა და ანალიზის გაკეთება?“ - განაცხადა რევაზ არველაძემ. 

დღის ამბები