18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
ეს არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება - პოლიტიკოსები კოსაჩოვის განცხადებას ეხმაურებიან

გრიგორი კარასინი არ არის ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების მომხრეა. დიპლომატიური თანამშრომლობის ინიციატივით ასევე გამოდის დუმას კიდევ ერთი დეპუტატი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები.

დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ეს არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება და მოსკოვს სურს,  დიალოგი ოკუპაციის აღიარების და ასევე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ხარჯზე დაიწყოს.

"ახალი ურთიერთობების დაწყება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს და პირადად ვლადიმერ პუტინს და მის ხელქვეითებს წარმოუდგენიათ ისე, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ურთიერთობები დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთთან, დამოუკიდებელ აფხაზეთთან და უნდა დაივიწყოს ის, რომ სინამდვილეში რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი. ასე არ გამოვა.

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც რუსეთის იმპერიის რღვევა დაიწყება. ამ დროს იქნება საქართველოს შანსი, რომ დავუძვრეთ საბოლოოდ რუსეთის იმპერიას.

კოსაჩოვის ეს განცხადებები, რომ რაღაცა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და ვაღიაროთ შექმნილი რეალობა, არის ჩვეული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება და ჩვენ, ქართული საზოგადოება, ამ რეალობას, რა თქმა უნდა, არ შევურიგდებით," - აცხადებს ოთარ კახიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე უარს არავინ არ ამბობს, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ მომხდარი ეთნიკური წმენდა პრობლემად რჩება.

"არავინ ამბობს უარს დიალოგზე და ჩვენ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები გვაქვს, ჟენევის ფორმატში.

პრობლემა არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ მომხდარი ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია, რომელსაც დღემდე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია.

უკან არ დავიხევთ და არასდროს არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები