17 მაისი 2024,   17:54
ვრცლად
პროტესტი, დაპირისპირება და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება - პარლამენტთან კარვები გვიან ღამით დაშალეს

რუსთაველის გამზირზე მოვლენები ღამით დაიძაბა. სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვების დაშლა დაიწყეს, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, დაპირისპირება და შემდეგ უკვე მათი დაკავება მოჰყვა. 

მერიის სამსახურების გამოჩენას პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. პროტესტი კარვების ატრაქციონებით ჩანაცვლებას მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მომხდარზე ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

მალევე პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება ადგილზე გააპროტესტეს.

პარლამენტის შენობის წინ საახალწლო დეკორაციების დადგმას სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 9 პირი აიყვანეს. ისინი პოლიციამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

სამართალდამცველები დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი ადვოკატების თქმით, დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

აქცია პარლამენტის შენობის წინ ისევ გრძელდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მოკლული შვილის საქმის გამოძიებას წლებია ითხოვს, საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დღეს პარლამენტთან ბავშვები არ გაიყვანონ.

წინააღმდეგობის მიუხედავად მერიის წარმომადგენლებმა ადგილზე ბატუტი და სხვა ატრაქციონები მაინც დაამონტაჟეს. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს ამ დრომდე აგრძელებენ.

დღის ამბები