21 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
"სადაც ერთ ზვიგენ მფლობელს შეუძლია შვილმოკლული მამის კარვის ნაცვლად გასაბერი ზვიგენი დადგას, ის ქვეყანა აღარ არის" - თინა ბოკუჩავა

რუსთაველის გამზირზე წუხელ განვითარებულ პროცესებს, რაც კარვების მოულოდნელ დაშლას მოჰყვა, პოლიტიკოსები და ოპოზიციონერი ლიდერები აფასებენ.

"სადაც შვილმოკლული მამის კარვის ნაცვლად, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო არ ეზეიმება, ერთ ზვიგენ მფლობელს შეუძლია გასაბერი ზვიგენი დადგას, ის ქვეყანა აღარ არის, ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ ივანიშვილი ქვეყნის მართვის სადავეებს," - განაცხადა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინა ბოკუჩავამ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებით კი, ეს არის გაკოტრებული და გახრწნილი ხელისუფლება.

"ხელისუფლების ბოლომდე უზნეო სახეს აჩვენებს ის ფაქტი, როდესაც შვილმოკლული მამის კარავს იღებენ და იქ ბავშვების გასართობად ზვიგენის ფორმის სათამაშოს დგამენ, ეს არის გაკოტრებული და გახრწნილი ხელისუფლება, რომელიც თავის სახეს ბოლომდე აჩვენებს საზოგადოებას, სწორედ საზოგადოებისგან მიიღებენ ისინი ამაზე კონკრეტულ პასუხს," - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მოვლენები ღამით დაიძაბა, იყო ხმაური და დაპირისპირება. შესაბამისმა სამსახურებმა პარლამენტთან კარვების დაშლა დაიწყეს, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი და შემდეგ უკვე მათი დაკავება მოჰყვა.

დღის ამბები