12 მაისი 2024,   11:20
ვრცლად
სოფელ მელექედურში 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება აღიარა - პროკურორი

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ მელექედურში 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება აღიარა. ზური დოლიძეს ბრალი გუშინ წარედგინა. 

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

"ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. მას ბრალდება წარდგენილი აქვს 109-ე მუხლის 1 ნაწილის "ქ" ქვე პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 2 ეპიზოდი ქურდობის ჩადენის ფაქტზე.

გაუპატიურების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები, მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები. თუ დადასტურდება, ამის შემდეგ მას წარედგინება ახალი ბრალდება," – აცხადებს ოზურგეთის რაიონის პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე.

ადვოკატი დავით მამალაძე მომხდარში ხელისუფლებასა და მედიასაშუალებებს ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ საქმეში დამნაშავე ვართ თითოეული ჩვენგანი, მთელი საზოგადოება, სახელმწიფო ხელისუფლების ოთხივე შტო, მათ შორის მედიასაშუალებებიც, რომლებიც დღე და ღამ აგიტაცია-პროპაგანდას უწევენ მარიხუანას ლეგალიზებას, გარყვნილ ქმედებას, საშინელებაა,"- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები