17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
ჩვენ იერიში მივიტანეთ, პენტაგონი პასუხს აპირებს, გიპასუხებთ ამერიკაში - "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ლიდერი

მსოფლიო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში, რამდენიმე საათში ამერიკის ლიდერი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, მანამდე კი ირანმა ერაყში მდებარე ორი ამერიკული ავიაბაზა დაბომბა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. 

"ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით" - ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ მოსახლეობას და შეერთებულ შტატებს სამხედროების გაყვანა კიდევ ერთხელ მოთხოვა. ტელეეთერით მიმართვის გავრცელებას აპირებს ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, რომელიც ამერიკელებს რეგიონიდან განდევნით დაემუქრა.

"თქვენ გენერალ სოლეიმანს ხელი მოკვეთეთ, ჩვენ კი ფეხებს დაგაჭრით ჩვენს რეგიონში," - აღნიშნა ჰასან როუჰანიმ.

ბაზებზე თავდასხმის შემდეგ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ლიდერმა რამეზან შარიფიმ შეერთებული შტატების მოკავშირეებიც გააფრთხილა, რომ ამერიკის ყველა მოკავშირე მათი სამიზნე გახდება, ვინც საკუთარ ბაზებს შტატების სამხედრო ძალებს უთმობს.

"ჩვენ იერიში მივიტანეთ, პენტაგონი პასუხს აპირებს, გიპასუხებთ თქვენ უკვე ამერიკაში," - განაცხადა რამეზან შარიფიმ.

ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში ტრამპმა თათბირი გამართა. თეთრ სახლში მივიდა პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. თათბირის შემდეგ პრესასთან განცხადებები არ გაკეთებულა, დონალდ ტრამპმა მხოლოდ "ტვიტერში" დაანონსა, რომ სპეციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებდა.

"ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედროები გვყავს. ოფიციალურ განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ," - დაწერა ტრამპმა.

განცხადებები გაკეთეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. რესპუბლიკელმა სენატორმა ლენდსი გრემმა თავდასხმას "ომის აქტი" უწოდა. ვაშინგტონში თანხმდებიან, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს ირანს უპასუხოს.

"ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რა სურს ირანს. თეირანის ქმედება იყო ომის აქტი. ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებისთვის შტატების პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება აქვს ირანს პასუხი გასცეს," - აღნიშნა ლენდსი გრემმა.

ახლო აღმოსავლეთში კრიზისით შეშფოთებულია ევროკავშირი. ბრიუსელში მოსალაპარაკებლად დაიბარეს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერლეიენი მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ იარაღის გამოყენება. შეერთებული შტატების ბაზაზე თავდასხმა დაგმო ბრიტანეთმა.

"იარაღის გამოყენება უნდა შეწყდეს, რათა დაუყონებლივ დაიწყოს დიალოგი. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოლაპარაკებები შედგეს. არსებული კრიზისი მოქმედებს არა მარტო რეგიონზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზე," - განაცხადა ურსულა ფონ დერლეიენიმ.

"სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ესკალაციისა და გაზრდილი კონფრონტაციის კიდევ ერთი მაგალითია. ძალადობის უფრო მეტად გაღრმავება არავის ინტერესში არ შედის. შექმნილი ვითარების გამო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მოვიწვიე. ევროპული გაერთიანება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს," - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელიმ.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

დღის ამბები