17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობის წინააღმდეგ, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ანაკლიის კონსორციუმი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საარბიტრაჟო სასამართლოში შევა. მამუკა ხაზარაძის შემდეგ, განცხადებას კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აკეთებს. მისი განცხადებით, კონსორციუმს სხვა გამოსავალი არ აქვს.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი მიწები კონსორციუმს არ აქვს. როგორც ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწები სახელმწიფოს ბალანსზეა.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ახვლედიანის თქმით, მან არ იცის, რაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, როდესაც ამბობს, რომ კონსორციუმს პირგასამტეხლოს თანხის გადახდა მოუწევს.

"მიწებთან დაკავშირებით გაფორმებულია აღნაგობა, დასაბრუნებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბალანსზეა ის 340 ჰექტარი. ჩვენ ეს მიწები გადმოგვეცა აღნაგობით. თუ ხელშეკრულება შეწყდება, ავტომატურად აღნაგობის ხელშეკრულებებიც წყდება და ბრუნდება ბალანსზე.

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვიცე-პრემიერი მიჭირს საუბარი. არ მიმიღია კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით იმდენი ჯარიმაა გათვალისწინებული, რომ მთელი სამ გვერდიანი ნუსხაა, ამიტომ, რომელ ჯარიმებზეა საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით," - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა. 

დღის ამბები