17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
არეულობა ოკუპირებულ სოხუმში - "თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი დასრულდება"

დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, დემონსტრანტთა ნაწილი შენობაში შტურმით შეიჭრა. ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს.

ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია ვითარების დეესკალაციის მიზნით, დეპუტატების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"მე ვფიქრობ, რომ დეპუტატთა კორპუსის ჩართულობაა საჭირო იმისათვის, რომ მათ რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ, ვინაიდან თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, ჩვენს სახელმწიფოში საბოლოოდ ყველაფერი დასრულდება.

დეპუტატებმა იფიქრონ სიტუაციის გამოსწორებაზე, რისთვის აირჩია ხალხმა? თავიანთი აზრი დააფიქსირონ სახელმწიფოს მეთაურთან, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა მან ქვეყანა," - აცხადებს ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

"აფხაზეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი უნდა მიიღოს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახრა ავიძბა.

დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და სექტემბერში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისას ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

დღის ამბები