17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
"რუსეთს არ სურს ანქვაბის დაბრუნება, არ დაგვავიწყდეს, რომ მოწამლული ბჟანიაც ანქვაბის კანდიდატი იყო" - პაატა დავითაია

თბილისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ არჩევნების გაყალბებასა და რუსულ გავლენებზე საუბრობენ. პოლიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. არ არის გამორიცხული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთს ალექსანდრე ანქვაბის ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი არ აქვს. 

"არ დაგვავიწყდეს, რომ ბჟანია, რომელიც მოწამლული იყო, იყო ანქვაბის კანდიდატი და რეალურად, რუსეთს არ სურს ანქვაბის ხელისუფლებაში დაბრუნება. არა როგორც პიროვნულად, არამედ როგორც ერთ-ერთ გავლენიან პირს. იმიტომ, რომ ანქვაბი არ არის პრო რუსული პოლიტიკოსი, ის არის პრო აფხაზური პოლიტიკოსი. ის არ უჭერს მხარს საქართველოსთან გაერთიანებას, მაგრამ არ უჭერს დიდად მხარს ინტეგრაციას რუსეთთან. მე ვფიქრობ, რომ ეს დამთავრდება იმით, რომ ხაჯიმბას მოუწევს გადადგომა, იმიტომ, რომ მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა მისით. ის მიიჩნევა არალეგიტიმურ პრეზიდენტად, დაწყებული მეომართა კავშირიდან, დამთავრებული უხუცესთა საბჭოთი, ყველა მხარს უჭერს ოპოზიციას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება და არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანებში იყოს კიდევ ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში," - აცხადებს პაატა დავითაია. 

ის ვითარება, რაც ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნები აშკარად გაყალბებული იყო. 

"მოსალოდნელი იყო ის რაც ხდება აფხაზეთში, იმიტომ, რომ არჩევნები ჩემი აზრით, იყო აშკარად გაყალბებული. მე ვერ ვიტყვი, რა როლი აქვს რუსეთს ამ შემთხვევაში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პირად საუბრებში, რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ეჭვი და წუხილი, რომ პროცესები ასე განვითარებულიყო," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ოკუპირებულ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია.

"ყველგან, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია, ხდება ბოლომდე დეციმაცია, სხვა ადგილებში ყველგან არის კრიზისი, კრიმინალი, უბედურება, დაპირისპირება. არ არსებობს ადგილი, სადაც პუტინის რუსეთს აქვს გავლება და იქ საქმე არის კარგად," - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები