26 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონში სიტუაცია ისევ დაძაბულია - აფხაზეთში ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობაში ამ დრომდე რჩება

სოხუმში ვითარება ისევ დაძაბულია. ოკუპირებულ რეგიონში არეულობა არ წყდება. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობაში ამ დრომდე რჩება, მათი მოთხოვნა ისევ რაულ ხაჯიმბას უპირობო გადადგომაა.

ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციის მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახრი ავიძბა მიიჩნევს, რომ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ოკუპირებული აფხაზეთის მმართველობა ახალ ე.წ. არჩევნებამდე პარლამენტმა უნდა განახორციელოს.

ხაჯიმბა თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, უფრო მეტიც, ის ახალ ე.წ. არჩევნებში მონაწილებას მიიღებს. ამის გამო მისი ოპონენტები დარჩენილ 3 თვეში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

ოკუპირებული რეგიონის პარლამენტს კი ჯერ არ გადაუწყვეტია ამ საკითხზე როდის იმსჯელებს.

გუშინ, გვიან ღამით, დასრულდა ხაჯიმბას და ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევის შეხვედრა, რომელიც დახურული იყო და მისი შედეგების შესახებ მოკლე ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ნურგალიევი-ხაჯიმბას შეხვედრის დასრულებას არ დაელოდნენ და დაიშალნენ ფილარმონიის შენობაში შეკრებილი ხაჯიმბას მომხრეები. შეხვედრაზე არ მივიდა ე.წ. პრეზიდენტი. ხაჯიმბამ ფილარმონიაში დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი და ვიტალი გამბია გააგზავნა.

ოკუპირებულ რეგიონში სიტუაცია ისევ დაძაბულია, ოპოზიცია დღეს დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში მისვლას აპირებს, რომელმაც ახალი ე.წ. არჩევნების თარიღი უნდა დანიშნოს.

დღის ამბები