17 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები NDI-ს ხელმძღვანელთან აზარტული თამაშების რეგულაციებს განიხილავენ

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრების და "ენ-დი-აის"(NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა გაიმართება.

ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ისინი ყურადღებას სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე გაამახვილებენ. ცნობილია, რომ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი აზარტული თამაშების რეგულაცია იქნება.

"შეხვედრა ქალბატონ ლორასთან და მის კოლეგებთან იქნება მნიშვნელოვანი, რომ გავიცნოთ პრიორიტეტები, რომელიც ჩვენთვის არის გამოკვეთილი 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მუშაობის პერიოდში და ასევე ის ინიციატივები, რომლის ავტორობასაც გეგმავს ჩვენი ფრაქცია. აზარტული თამაშების რეგულაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი რეგულაცია, მაგრამ გვაქვს ასევე რამდენიმე დამატებითი ახალი ინიციატივა, რომლის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მოვახსენებთ," - აცხადებს მარიამ ჯაში.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ რა თემებზე იქნება შესაძლებელი NDI-ს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობა.

"იქნება გაცნობითი შეხვედრა, სადაც მათ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, შესაბამისად გვექნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილები, რა თემებზე შეგვიძლია ჩვენ NDI-ს საქართველოს ოფისთან ვითანამშრომლოთ.

კვლევით ნაწილში არის კითხვები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებიდან და შესაბამისად შეიძლება შევთავაზოთ NDI-ს, რომ გარკვეული კითხვები იყოს ჩასმული მათ კითხვაში," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები