17 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
"ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა" - NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი კვლევის შედეგებს შემაშფოთებელ ტენდენციას უწოდებს. ლორა ტორნტონი ამბობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ტენდენციას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს როგორც დემოკრატიულს, რაც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით შემაშფოთებელელია. 

(NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი აცხადებს, რომ განსაკუთრებით ნეგატიური შეფასება აქვს პარლამენტს და მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს.  

"ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა. მზარდი ტენდენცია შეინიშნება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის კვლევებში. ისეთი, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ზოგადად მთავრობის საქმიანობის შეფასება, პარლამენტი. ძალიან შემაშფოთებელია ასევე ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს, როგორც დემოკრატიულს. განსაკუთრებით საარჩევნო წელს არის ეს მონაცემი ყურადღებამისაქცევი, ჩვენი აზრით. რაც შეეხება თავად პარლამენტს, საკმაოდ ნეგატიური შეფასება აქვს ამ კვლევაში. მოსახლეობა ფიქრობს, რომ პარლამენტი არ ითვალისწინებს მისნაირი ხალხის აზრს და ფიქრობს, რომ არ აქვს და რთულია მისთვის კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან. ამბობს, რომ პარლამენტის წევრები უმეტესად საკუთარი ან პარტიის ინტერესებს ემსახურებიან და ჩვენი აზრით, შესაბამისმა პირებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ეს მონაცემები გამოსწორდეს, განსაკუთრებით საარჩევნო წელს არის ეს მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას, კონკრეტული პარტიების მხარდაჭერა კვლევაშიც ჩანს, რომ შედარებით დაბალ მაჩვენებელზეა და ჯამში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ იცის, ან არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.... რაც შეეხება რამდენიმე პოზიტიურ მესიჯს, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად განაგრძობს ქვეყნის მიზნის მხარდაჭერას, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი,“ -  განაცხადა ლორა ტორნტონმა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ”CRRC - საქართველოს” პრეზიდენტი, კობა თურმანიძე ამბობს, რომ თითქმის ყველა საჯარო ინსტიტუციას, გარდა ქართული ჯარისა, კვლევების მიხედვით, უარყოფითი შეფასება აქვს. მისი თქმით, 2019 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, გაუარესებულია მართლმადიდებლური ეკლესიის შეფასებაც კი.

"თითქმის ყველა საჯარო ინსტიტუციისა და პოლიტიკური ლიდერის შემთხვევაში, უარყოფითი და საშუალო შეფასება აჭარბებს დადებით შეფასებას. ჩვენ გვაქვს უარყოფითი ტენდენცია თითქმის ყველა საჯარო ინსტიტუციის, გარდა ქართული ჯარისა. ყველა სამინისტროს და ყველა პოლიტიკური ლიდერის შემთხვევაში, გარდა კახა კალაძის. განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციაა  პარლამენტის და სასამართლოს შემთხვევაში,“ - განაცხადა კობა თურმანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. 
დღის ამბები