20 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
სარდაფში გამოკეტვა, შიმშილი და ცემა შვილების თვალწინ - 36 წლის ქალმა ქმრის ძალადობას ვეღარ გაუძლო და თავი მოიწამლა

მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, დაკავებულია. როგორც ირკვევა, მამაკაცი 36 წლის ქალს სცემდა, სარდაფში ამწყვდევდა, აშიმშილებდა და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდებოდა.

სოფელ შინდში ამის შესახებ, როგორც ჩანს, იცოდნენ, თუმცა ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა შეიყვანა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ფაქტობრივად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი 36 წლის ქალბატონი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნახეს. უმძიმეს გადაწყვეტილებამდე პაციენტი მას შემდეგ მივიდა, რაც საკუთარმა ქმარმა სარდაფში გამოკეტა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

20 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ქმრისგან ცოლზე ძალადობის ფორმები უმძიმესი იყო. ამის შესახებ ირგვლივ მყოფი ადამიანები საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ყველა დუმდა. საქმე პოლიციამდე მხოლოდ ახლა და ისიც, სასწრაფო დახმარების ჯგუფის გადაწყვეტილებით მივიდა. უკვე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს, მეზობლები ისევ დუმილს ამჯობინებენ და დეტალებს მხოლოდ პირად საუბრებში ყვებიან.

სავარაუდო მოძალადესაც და მსხვერპლსაც ორი შვილი ჰყავთ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, 36 წლის ქალზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც სწორედ შვილების თანდასწრებით ხდებოდა, რასაც ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. 45 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. მისი დანაშაულის მამხილებელი ჩვენება გამოძიებას აქვს, თუმცა თავად დანაშაულს მაინც არ აღიარებს. ის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

იგივე პოზიციაზეა დაკავებულის ოჯახიც. ისინი ქალს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. ამას ამტკიცებენ იმით, რომ 45 წლის მამაკაცი რამდენიმე ინციდენტის დროს პოლიციაში თავად მივიდა და სამართალდამცველებს ოჯახური ძალადობის ამბავზე რეაგირება სთხოვა.

სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების მიღების შემდეგ 36 წლის ქალის მდგომარეობა უმძიმესი იყო.  მას შემდეგ, რაც მდგომაროება დასტაბილურდა, გამოძიებამ ის, უკვე გამოკითხა.

გამოძიება დაკავებულს სამი მძიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. ასევე, სავარაუდოა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებამდე არ მიჰქონდათ.

დღის ამბები