19 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
დაპირისპირება სასმელი წყლის გამო - დეტალები ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივების კონფლიქტზე

"კურიერმა" ნინოწმინდაში, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია.

როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები ყვებიან, მათ "ფეოდალურ წყობილებაში" უხდებათ ცხოვრება.

ადგილობრივების განმარტებით, საძოვრების მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა მათ სასმელი წყალიც შეუწყვიტა. 

"წყლის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ყოველწლიურად ირიცხება თანხა და არ დაადგა საშველი. 8 წელია აქ ვცხოვრობ. არის ჭაბურღილები, რომლიდანაც საერთოდ არ შეიძლება დალევა. რა ქნას ამ ხალხმა, ცოდო არ არის?!" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საკითხს სოფელში წყლის გამანაწილებელს, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ კი კონფლიქტი სუმბატ კიურიღიანის სახლთან გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს საკრებულოს თავმჯდომარე და სოფელში მცხოვრები ჩაფინიანები დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის ძმისშვილი.

"კურიერთან" ადგილობრივი ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ინციდენტისას არა ორი, არამედ ბევრად მეტი ადამიანი დაშავდა.

"სოფლის რწმუნებულს თავი მოაქვს, როგორც მინი ოლიგარქს. რაღაც წარმოდგენა აქვს, რომ რადგანაც აირჩიეს თანამდებობაზე, წყალიც ეკუთვნის, მიწაც, საძოვარიც, ჰაერიც და ყველაფერიც. სოფელი ვერ მოითმენს ამ მიდგომას. წყალი იყო მიყვანილი პირველ რიგში თავმჯდომარის კერძო ფერმაში და შემდეგ მიეწოდებოდა სოფელს. ამას მოჰყვა უკმაყოფილება. წყალი ყველას თანაბრად უნდა მიეწოდებოდეს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა არსენ კარაპეტიანმა.

"დამირეკა ჩვენმა დეპუტატმა და მითხრა, რომ წყლის ცენტრალური მილი იყო დაზიანებული. მე ადგილზე მივედი და ვთქვი, რომ ზამთრის პერიოდში ასე არ შეიძლება.  როცა ყინვებია, მილის დაზიანება პრობლემებს შექმნიდა. ჩემსა და ჩაფაიანის შვილებს შორის მოხდა დაპირისპირება. ჩვენს ოჯახებს შორის 2013 წლიდან პრობლემები არსებობს და უთანხმოება გვაქვს.

წყლის მილი არ ვიცი ვინ დააზიანა. იქ ადგილზე ტრაქტორი მუშაობდა. მე ადგილზე პრეტენზია გამოვთქვი. ამ დროისთვის მომხდარზე საქმეა აღძრული და გამოძიება დაადგენს, თუ ვინ დააზიანა ცენტრალური მილსადენი," - აღნიშნა სუმბატ კიურეღიანმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ხვალ ქუჩის აქციები დაანონსა.

დღის ამბები