17 მაისი 2024,   11:54
ვრცლად
"თქვა, რომ პროპორციული არჩევნები "ნაციონალებმა" მოვიპოვეთო - "გირჩი" გრიგოლ ვაშაძეს უპირისპირდება

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდა.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის მიუღებელია გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირების გაცემას "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებად თვლის. ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" აზრის გამხმოვანებელი იქნება, "გირჩი" ფორმატს დატოვებს. 

"გაიმეორა რამდენჯერმე, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ, კონკრეტულად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო. ყველას ძალიან დიდი მადლობაო, ახალგაზრდებს, იმას, ამას, მაგრამ კონკრეტულად ეს საქმე ჩვენი გაკეთებულიაო. ჩემი აზრით, ამ ადამიანთან საუბარი არ ღირს, ეს არის "გირჩის" პოზიცია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" არაერთ ლიდერთან და ვსაუბრობთ არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებ. თუ ეს ადამიანი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" აზრის გამხმოვანებელი საერთო საკონსულტაციო ფორმატში, ჩვენ იქ მონაწილეობას არ მივიღებთ,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინათინ ბოკუჩავა კი პროპორციული არჩევნების დაპირებას საერთო მონაპოვრად მიიჩნევს.

"პროპორციული არჩევნები იყო ის საერთო მონაპოვარი, რომელიც ქართლმა საზოგადოებამ, მათ შორის სისხლის ფასად, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევის ფასად მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღო, თუმცა ამ დაპირებაშიც ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება და გადალახა ყველა წითელი ხაზი," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები