17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
კახა კალაძემ თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დააანონსა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დააანონსა. კალაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. მერმა ასევე დააანონსა გარკვეულ ადგილებზე გვირაბებისა და პანდუსების მოწყობაც.

მერის თქმით, პროექტები ისე გადანაწილდება, რომ სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მაქსიმალურად შემსუბუქდეს.

"მინდა, ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს იმ მსხვილ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ წელს. ეს არის ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. საბურთალოს რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და საჭიროებს რეაბილიტაციას. დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაოები. "ვეფხი და მოყმე" სადაც არის, იქ გვინდა გავაკეთოთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, გვირაბებით, პანდუსებით, ისე რომ შუქნიშანი საჭიროებას არ წარმოადგენდეს. საბურთალოს რაიონში ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩას შორის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი. დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც საფეხმავლო ხიდია, იქვე ახლოს განხორციელდება ეს პროექტი, სადაც ავტომობილით იქნება შესაძლებელი დაკავშირება ბაგებისა და საბურთალოს. რა თქმა უნდა, ყველა პროექტის განხორციელება შეუძლებელია და ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, რომ არ გვინდა გამოვიწვიოთ ქალაქში სრული კოლაფსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები