26 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
სახალხო დამცველისა და პატიმრების შეხვედრაზე ინფორმაციის გასაჯაროება - ომბუდსმენი გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველისა და პატიმრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცის გასაჯაროების გამო ომბუდსმენის აპარატი გამოძიების დაწყებას და დამნაშავის დადგენას ითხოვს. სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ ციხეში მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვეს:

"ეს განცხადება ბუნებრივია შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მისი ზემდგომი უწყებაა, ჩვენი მოსაზრებით, სწორედ მათ დაარღვიეს მოქმედი კანონმდებლობა, საერთაშორისო ვალდებულებები და კანონდარღვევით გაასაჯაროვეს ინფორმაცია ჩვენი ვიზიტის შესახებ. გამოძიების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდეს თუ ვინ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ვინ არის პასუხისმგებელი, მოხდეს მისი იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

ე.წ მატროსოვის ციხეში მყოფ მსჯავრდებულებთან გამართული შეხვედრის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა, მათ შორის ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს.

სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები