26 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
ნანგრევებში ათობით ადამიანი კვლავ რჩება - თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის ზრდას ოფიციალური ანკარა არ გამორიცხავს, რადგან მოქალაქეების ნაწილი ისევ ნანგრევებშია მოყოლილი. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მძიმე ვითარებაა. ათობით ადამიანს ღამის გათენება კარვებში უწევს, რასაც თან ძლიერი ყინვა ერთვის.

2 წლის თურქი გოგონა ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც მაშველებმა მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ნანგრევებში ამ დრომდე ათობით ადამიანი რჩება, თუმცა, ძლიერი ყინვის გამო მათი გადარჩენის შანსები კლებულობს. ბოლო მონაცემებით, დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით მოქალაქეებს, ვინც ბინების გარეშე დარჩა, საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

"ყველა შესაბამისი ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არიან გადარჩენილებიც, თუმცა გაიზარდა მსხვერპლი. დაშავებულია 1600-ზე მეტი მოქალაქე. მოქალაქეებს, ვინც ბინების გარეშე დარჩა, საცხოვრებლით დროულად დავაკმაყოფილებთ,"- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი, მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სპეციალურად მოწყობილ კარვების ქალაქში გადაიყვანეს. გვიან ღამემდე ქალაქ ელიაზიღში, მუსტაფას მოედანზე, იმ 6 სართულიანი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რომელიც სტიქიისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. კორპუსის მცხოვრებლები სახლის დემონტაჟს, რომელშიც წლების განმავლობაში იცხოვრეს, თვალს ჯებირებს მიღმა ადევნებდნენ. მათ თავიანთი ემოციების შესახებ "კურიერთან" ისაუბრეს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 24 იანვარს დაფიქსირდა, ნგრევა ქვეყნის 3 ქალაქში გამოიწვია. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც. 1600-ზე მეტი დაშავებული მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამეორების რისკი კვლავ მაღალია.

დღის ამბები