17 მაისი 2024,   12:42
ვრცლად
გასაკვირია, რომ წერილებში მცირე დოზითაა აქცენტი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე - წულუკიანი კრიტიკულ გზავნილებზე სენატორების წერილზე

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაშინგტონიდან თბილისში გამოგზავნილ უკვე მეხუთე კრიტიკულ წერილს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებს ყურადღებით ეცნობა, თუმცა მას პირადად აკვირვებს ის ფაქტი, რომ წერილში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ არის ყურადღება გამახვილებული.

"ვხედავთ, რომ ამ წერილებში ზოგიერთი კონგრესმენი, მაშინ, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებებს აკეთებს, ეს კი, რა თქმა უნდა, დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს.

გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზითაა აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ოპოზიციას - ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, უნდა წავიკითხოთ ყურადღებით წერილები, თუ წუხილის რეალურ საგანს დავინახავთ, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს წუხილის საფუძველი აღმოვფხვრათ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ. თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები