17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
ვფიქრობ, ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას - სამადაშვილი სენატორების წერილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ სენატორების წერილი ამერიკის პოზიციას გამოხატავს.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას საფრთხეს უქმნის.

"სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სენატორი შაჰინი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, ამ გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნით დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, აძლიერებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ - თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები