17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, საარჩევნო სისტემის ჩაგდება - საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოც აკრიტიკებს

პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოც აკრიტიკებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს 1 გვერდი ეთმობა.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა პრობლემურ საკითხად არის მიჩნეული.

გარდა ამისა, მთავარ პრობლემად სახელდება შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

ამავე დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ყველა ეს საკითხი ცხადია მოხვდებოდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის შესახებ კარგად იციან.

"ევროსაბჭოშიც არსებობს კონსენსუსი იმ უკუსვლასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. ძალიან კრიტიკულად არის შეფასებული მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, ასევე საარჩევნო სისტემის საკითხი. წითელი ხაზია ევროსაბჭოსთვის პროპორციული არჩევნები," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტის საპასუხოდ მმართველი გუნდი ევროპელ პარტნიორებს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა კეთდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

"ყურადღება არის გამახვილებული იმ საკითხებზე, რომელიც ყველაზე დიდი აქტუალობით სარგებლობს საზოგადოებაში. ასევე ყურადღება არის გამახვილებული საარჩევნო საკითხებზე და ამასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით კოლეგებს, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები